გერმანიის ფედერალური მიწების, ბავარიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობებმა ოჯახური ძალადობისგან კაცების დაცვის პროგრამა გაასაჯაროვეს. გერმანული პოლიციის მონაცემებით, 2018 წელს კაცებმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა 17,9% შეადგინეს. პოლიციელებმა აღრიცხეს 23 872 შემთხვევა, როდესაც კაცები პარტნიორების მხრიდან თავდასხმის, მკვლელობის მცდელობის ან თავისუფლების შეზღუდვის მსხვერპლნი გახდნენ. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ დაზარალებულთა რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, ვინაიდან ხშირ შემთხვევებში ამ საკითხზე საუბრის რცხვენიათ.ბავარიის ოჯახური და სოციალური საკითხების მინისტრმა კერსტინ შრაიერმა და მისმა ვესტფალელმა კოლეგამ ინა შარენბახმა წარადგინეს ინიციატივა,რომელიც რამდენიმე საფეხურისგან შედგება: პირველ ეტაპზე ცხელი ხაზი და ონლაინკონსულტაცია ამოქმედდება, შემდეგ კი ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრები და საკონსულტაციო ცენტრები გაიხსნება. პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ საბოლოო ჯამში ეს ტაბუირებული საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდება.