დალას მავერიკსის ვეტერანმა კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ კარიერა დაასრულა. 40 წლის გერმანელი გულშემატკივარს ფინიქსთან, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო საშინაო მატჩის (120:109) დროს დაემშვიდობა. დალას მავერიკსის მფლობელი მარკ კუბანი გერმანელს დაპირდა, რომ არენის წინ მისი ბრინჯაოს ძეგლი აღიმართება.ფინიქსთან შეხვედრაში დირკ ნოვიცკიმ 30 ქულა მიითვალა, რასაც 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დაუმატა.გერმანელმა ფორვარდმა NBA-ში 21 სეზონი გაატარა. 1998 წლიდან მოყოლებული, ნოვიცკი მხოლოდ დალასის ღირსებას იცავდა, ერთხელ კი გუნდთან ერთად მან ჩემპიონის ტიტულის მოგებაც შეძლო (2011 წელს). გერმანელმა 14-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", 12-ჯერ კი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა. 2007 წელს დირკი გახდა პირველი ევროპელი, რომელიც NBA-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს. ამ დროისთვის ის ლიგის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერებს შორის მეექვსეა, ხოლო პირველი - ევროპელთა შორის.