ნორვეგიის ექს-პრემიერ მინისტრი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც მეტად რთულ პერიოდში ითავა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის) ხელმძღვანელობა, წინააღმდეგობრივი და საკმაოდ ექსტრავაგანტური პიროვნება აღმოჩნდა.
მართალია, ახალგაზრდობაში სტოლტენბერგი ქვებს უშენდა შეერთებული შტატების საელჩოს, რადგან სძულდა ამერიკული სამხედრო მანქანა, აქტიურად მოიხმარდა მსუბუქ ნარკოტიკებს და გავრცელებული ხმების თანახმად, საბჭოთა უშიშროების კომიტეტშიც კი მსახურობდა სტეკლოვის ფსევდონიმით, მაგრამ წლების შემდეგ მაინც შეძლო დასავლელი ლიდერების, განსაკუთრებით გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ნდობა მოპოვება, რომლის დაჟინებული მოთხოვნით, სწორედ ნატოს ყოფილი მოწინააღმდეგე გახდა მისი ლიდერი.
მართალია, გენერალური მდივნის პოსტის დატოვებისას სტოლტენბერგის წინამორბედმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ამაყად განაცხადა, რომ „უძლიერეს ალიანსს უძლიერესი ადამიანის ხელში ტოვებდა“, მაგრამ დასავლელი ექსპერტების მტკიცებით, ისე დასუსტებული, როგორც 2014 წელს, ჩრდილოანტალნტიკური ბლოკი 65-წლიანი ისტორიის მანძილზე არასდროს ყოფილა, რადგან სწორედ სტოლტენბერგს მოუხდა რუსეთთან ურთიერთობის გარკვევა, რომელიც ტრადიციულად იმუქრებოდა და საკუთარ ძალას დემონსტრირებდა, კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდება და ალიანსის პოლიტიკის დაცვასთან ერთად მისი მემკვიდრეობის გაგრძელება.
ბევრი ირწმუნებოდა, რომ სტოლტენბერგი თავგამოდებული ათეისტი იყო, ბევრმა კი, გავრცელებული სტერეოტიპის გავლენით ისიც მასონთა იდუმალ ლოჟას მიაკუთვნა, რაზეც თავად სტოლტენბერგსაც მოუწია კომენტარის გაკეთება, „მართალია, არცერთ კონფესიას არ მივეკუთვნები, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს რაღაც, რაც ყველაფერზე მეტი და ადამიანზე ბევრად ძლიერია“, - ჩვეული დიპლომატიით აღნიშნა გენერალურმა მდივანმა და სწორედ ასე სცადა თანამემამულეების ინტერესის დაკმაყოფილება.