ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ლევან მაყაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მის ქმარს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. როგორც თათა შავლაყაძე ამბობს, თანხის შეტანა დაგვიანდა და ამიტომ სპორტსმენი ორშაბათს გათავისუფლდება. გირაოს ოდენობა არ კონკრეტდება.დაკავებულის მეუღლის ინფორმაციით, ამერიკის სასამართლო ლევან მაყაშვილთან დაკავშირებით გირაოზე მანამდეც თანახმა იყო, თუმცა თავად ლევანი ამბობდა უარს იმ მიზეზით, რომ გირაო გაუსვლელობის პირობას მოიცავდა, სპორტსმენს კი სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა ბრძოლები დაგეგმილი.საუბარია მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც გირაოს კიდევ ერთი ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის შემთხვევაშიც დათანხმდა, თუმცა ხურციძეს გირაო ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობით შეუცვალა, მაყაშვილის შემთხვევაში კი მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მაყაშვილის მეუღლის ინფორმაციით, დარბაზში მყოფი ოთხი ქართველიდან, ხურციძის გარდა, ყველას გირაო შეეფარდა.ლევან მაყაშვილი UFC-ს შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია. ის უკვე 4 წელია ნიუ იორკში ცხოვრობს.