„ნიშნებს, რომ ზელენსკი სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკაში დააბრუნებს, ვერ ვხედავ, მაგრამ ვფიქრობ, სააკაშვილის მთავარი როლი, შეიძლება, უკრაინულ პოლიტიკაში ახალი ტალღის პოლიტიკოსების, პატრიოტების, მცოდნე ხალხისა და ახალგაზრდების შეყვანა იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში და „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“გადაცემაში „მსოფლიო დღის თემა“ განაცხადა.მან ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის შემდეგ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და გამოჰყო საპარლამენტო არჩევნებისთვის სავარაუდო ლიდერი პოლიტიკური ძალები.„რეალურად, ზელენსკის პარტიის, ანუ „ხალხის მსახურის“ პარტიის პოპულარობა მისი, როგორც პრეზიდენტის პოპულარობის იდენტურია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის 75%, რადგან ჯერ უნდა იყოს ჩამოყალიბებული სია, მაგრამ პარტიას უკვე საკმაოდ დიდი რეიტინგი აქვს, როგორც ამბობენ, 35-40%, ეს მაშინ, როდესაც ჯერ რეალური არაფერი გაუკეთებია. უკრაინის საპარლამენტო არჩევნები ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ერთმანეთს ძველი და ახალი დაუპირისპირდება, მაგრამ ასეთი მარტივი არ არის, რადგან როგორც ძველი, ისე ახალი ელიტის შიგნით ძალიან სერიოზული კონკურენცია იქნება. ძველ ელიტაში იქნება „ბაწკივშინა“, პეტრო პოროშენკოს ბლოკი, ოპოზიციური ბლოკი და კიდევ უფრო წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც ალბათ, პარლამენტში ვერ შევლენ. ახალი პოლიტიკური ელიტაც არა მხოლოდ ძველს დაუპირისპირდება, არამედ, მის შიგნითაც იქნება კონკურენცია. ეს არის სამი: „ხალხის მსახური“ - ზელენსკის პოლიტიკური ძალა; ხმა ანუ „გოლოს“, რომელიც ვაკარჩუკმა, ცნობილმა მომღერალმა და პოპულარულმა ადამიანმა ჩამოაყალიბა, რომელსაც დეპუტატობის გამოცდილებაც აქვს; და ეს არის მიხეილ სააკაშვილი-დავით საყვარელიძის ახალ ძალთა მოძრაობა“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.