ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და "რუსთავი 2"- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან მედიაორგანიზაციების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე კამათი ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, სარეკლამო ბაზრის საკითხზე საუბარს მოჰყვა, როდესაც ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ სარეკლამო ბაზარმა იკლო, პარლამენტის თავმჯდომარე კი საპირისპიროს ამტკიცებდა და მას სიცრუეში ადანაშაულებდა. ჯანგირაშვილმა ითხოვა 5 წუთი განცხადებისთვის და პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, მისთვის სიტყვა არ შეეწყვეტინებინა, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ”თუ ტყუილების საუბარს გააგრძელებდა, ვერ მოუსმენდა". "თქვენ ხართ დესტრუქციული და მე ვტოვებ ამ შეხვედრას", - მიმართა ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.