61 წლის კობა ჯავახიშვილი გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზის მკვიდრია. კონფლიქტის ზონაში ოჯახთან და მტრედებთან ერთად ცხოვრობს. სოფელს, რომელსაც ომის კვალი ახლაც ეტყობა, ნატყვიარ სახლებსა და ჭიშკრებს მაინც არ ტოვებენ ადგილობრივები. არა და მათგან, სულ რაღაც სამ კილომეტრში ე.წ. საზღვარია და ცხინვალიც იწყება... ბოლო ათწლეულების მანძილზე და ახლაც, ამ სოფელსა და მთლიანად საქართველოს, მშვიდობა ყველაზე მეტად სჭირდება. მშვიდობა, რომლის ასამდე სიმბოლო კონფლიქტის ზონაში თავის საცხოვრისში ანუ სამტრედეში ბინადრობენ. თვითნასწავლი მემტრედე ათი წლის იყო, როცა მტრედი აჩუქეს. მას შემდეგ, ბევრი წელი გავიდა, თუმცა, მტრედებსა და მემტრედეს ერთმანეთი არასოდეს მიუტოვებიათ, ერთმანეთს სულ უბრუნდებიან...20-მდე ჯიშის ასამდე მტრედს ითვლის მისი კოლექცია. ყველა მათგანს თავისებური და ინდივიდუალური ხასიათი აქვს. ზოგი ე.წ. მოთამაშეა, სალტოებს აკეთებენ და ასე თამაშ-თამაშში იწვრთნება. ჩეხური ჯიშის ე.წ. საფოსტო მტრედებს კი ასეული კილომეტრიდან უკან, სახლში დაბრუნება შეუფერხებლად შეუძლიათ. რამდენჯერმე ეკსპერიმენტი თავადაც ჩაატარა,მისი გატაცება შემოსავლის წყარო არასდროს ყოფილა, თუმცა რამდენჯერმე ჯიშიანი მტრედი გაუყიდია. წლების გამავლობაში სხვადასხვა დაწესებულებებში იმუშავა. მაშინ როცა სამსახურიდან ბრუდნებოდა, ოჯახში, მტრედებთან მიიჩქაროდა ახლა სოფლის მეურნეობას მიჰყვენა. მიწას ამუშავებს და მტრედების მოვლით არის დაკავებული. სიამოვნებას ანიჭებს ყველა საქმე რაც ფიზიკურ შრომას და მტრედებს უკავშირდება. 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, როცა სოფელი იცლებოდა, მტრედებს საჭმელი და წყალი დაუტოვა. ჭურვების ჩამოყრის შედეგად სამტერედეს მინა ჩაემსხვრა და ბევრი დაეღუპა. რომლებიც გადარჩნენ ისევ პატრონს ელოდებოდნენ.