სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების დროიდან განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სომხური მედია წერს, რომ ანგელა მერკელმა არსებული სიტუაციის გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.