სპორტული ტანსაცმლის ამერიკულმა ბრენდმა, Nike-მა რუსულ ფრენჩაიზთან ხელშეკრულება აღარ გააგრძელა და ქვეყნის საბოლოოდ დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ ფრენჩაიზ Inventive Retail Group-ის (IRG) პრეზიდენტ ტიხონ სმიკოვის მიერ კომპანიის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომელიც „ვედომოსტიმ“ მოიპოვა.
ფრენჩაიზი, Inventive Retail Group-ი რუსეთში Nike-ის მონობრენდული მაღაზიების უდიდეს ქსელს ფლობს. სმიკოვი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ Nike „უახლოეს მომავალში“ რუსეთში საქონლის მიწოდებას ვეღარ უზრუნველყოფს, ხოლო „მარაგის ამოწურვის შემდეგ IRG იძულებული გახდება, ბრენდის ყველა მაღაზია დახუროს.“ სმიკოვი დასძენს, რომ ეს სიახლე, ყველა თანამშრომლის მსგავსად, მისთვისაც უდიდესი დარტყმაა.
„როსპატენტის“ ცნობით, ფრენჩაიზის ორივე ხელშეკრულებას, რომელიც Nike-ს რუსეთში IRG-ის კუთვნილ კომპანიებთან, Up and Run-თან და A3 Sport-თან აქვს გაფორმებული, ვადა 26 მაისს ეწურება. ამავე დღეს იწურება კიდევ ერთ ფრენჩაიზ Yar-თან დადებული ხელშეკრულების ვადაც, რომელიც Nike-ის ბრენდით ციმბირში ვაჭრობს. ამერიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ არცერთი ხელშეკრულება აღარ განახლდება.