„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.ექნება თუ არა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობა, ეს უცნობია. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლების შანსი აქვს.
ამასთან, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ მისთვის გირაოს გადახდაზე თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი, ამნისტიის შესახებ ახალ კანონპროექტს გაიწვევენ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.