თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებული დეპუტატის ნიკა მელიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მელიას აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ან ალტერნატიული სახით სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების - პირადი თავდებობის გამოყენებას. ნიკა მელიას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 6 დეპუტატი უდგებოდა თავდებში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება ძალაში რჩება. როგორც მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კვლავ არის იგივე ხარისხის რისკები, რაც არსებობდა ნიკა მელიასთვის პირველ სასამართლო სხდომაზე. მოსამართლის თქმით, ბრალდებულმა ნიკა მელიამ პროცესზე წესრიგი არ დაიცვა, არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას, რომ ხმაური შეეწყვიტა. სასამართლო პროცესზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მელიასა და მოსამართლეს შორის, რის შემდეგაც ბრალდებულს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს.