"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში მასზე დაკისრებულ გირაოსთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, იგი არ ცდილობს ცელისუფლების პროვოცირებას, არამედ ის ცდილობს, გაწყვიტოს უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ის ჯაჭვი, რომლითაც ქართული ხელისუფლება აზარალებს ქართულ სახელმწიფოს და რუსულ ორბიტაზე აბრუნებს.
როგორც მელია აცხადებს, თუ ბრალდების მხარეს ჰქონდა მტკიცებულებები, რომ აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნები დაარღვია, უკვე გადახდილი გირაოს ფონზე, კვლავ გირაოს გადახდა კი არ უნდა მოეთხოვათ, არამედ მისი დაპატიმრების მოთხოვნით შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ. ნიკა მელიას თქმით, ის არის პირველი ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შეეზღუდა საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა და ამომრჩეველთან შეხვედრა მაშინ, როდესაც ის პარლამენტის მოქმედი წევრი იყო. მისი თქმით, ახლებურად განმარტეს კანონი და პირველი ადამიანია, ვისაც ერთსა და იმავე საქმეზე უკვე მეორედ სთხოვენ გირაოს გადახდას.
"ეს უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან მთავრობის ეს რევანშისტური პოლიტიკა არღვევს ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს და ქვეყანას უკარგავს რეალურ შანსს, თავი დააღწიოს საბჭოურ მენტალიტეტს და ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული ნაწილი გახდეს“, - წერს ნიკა მელია.