ნეპალი ევერესტზე ასვლის მსურველი ტურისტებისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს. კერძოდ, მსურველებმა თავდაპირველად უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი გამოცდილი მთამსვლელები არიან. ამის შესახებ ნეპალის მთავრობის მრჩეველთა საბჭოში განაცხადეს. როგორც საბჭოს მოხსენებაში წერია, მსურველები უკვე ნამყოფი უნდა იყვნენ ნეპალის მწვერვალებზე - სულ მცირე 6500 მეტრის სიმაღლეზე. მათ ასევე უნდა წარადგინონ ფიზიკური მომზადების სერტიფიკატი.
აღნიშნული რეკომენდაციების შემუშავების მიზეზი მიმდინარე წელს ევერესტზე 11 ადამიანის დაღუპვა გახდა. მათგან 9 შემთხვევა ნეპალის მხარეს, ორი შემთხვევა კი ტიბეტის მხარეს მოხდა. ნეპალის მთავრობის მრჩეველთა საბჭო ათობით ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაწესების რეკომენდაციასაც აძლევს ხელისუფლებას მათთვის, ვინც აღნიშნულ რეგულაციებს დაარღვევს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს 14 ყველაზე მაღალი მწვერვალიდან რვა სწორედ ნეპალში მდებარეობს.