პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი ისევ ტრავმირებულია. ფეხბურთელი საფრანგეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში, სტრასბურთან დაშავდა. პარიზში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, ნეიმარმა კი მარჯვენა ტერფის ტრავმა მეორე ტაიმში მიიღო და მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. ფორვარდმა მეტოქე მცველთან ორთაბრძოლისას ფეხი უხერხულად დადგა და გადაუბრუნდა. ბრაზილიელმა მოედნიდან გასვლის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.პირველადი დათვალიერების შემდეგ, მედიკოსებმა ეჭვი იმ ტრავმის რეციდივზე მიიტანეს, რომელიც ბრაზილიელს ერთი წლის წინ ჰქონდა. ნეიმარმა შარშან თებერვალში ტერფის მეხუთე ძვალი დაზიანა და ოპერაციაც გაიკეთა. ამის გამო მან სეზონის მეორე ნახევარი პრაქტიკულად გამოტოვა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელება მაინც მოასწრო.რამდენად მძიმეა ნეიმარის ტრავმა ამჯერად და რამდენ ხანს გასტანს მისი მკურნალობა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. პარიზული კლუბის მედიკოსების ცნობით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება უახლოეს დღეებში დაზიანების შემდგომი სურათი. პარი სენ-ჟერმენი 12 თებერვალს სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ⅛-ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შესაბამისად, ითამაშებს თუ არა ამ მატჩში ნეიმარი, უცნობია.