რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტი ლიუბოვ სობოლი, რომელიც მოსკოვის საარჩევნო კომისიის შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა და შენობის დატოვებაზე უარს აცხადებდა, დღეს პოლიციელებმა იმ დივნიანად გამოიყვანეს გარეთ, რომელზეც იწვა. ის ოფიციალურად დააკავეს, თუმცა შემდეგ გაუშვეს. მისთვის არ შეუტყობინებიათ თუ რომელ სისხლის სამართლის საქმეზე იბარებენ, თუმცა ოპოზიციონერების წინააღმდეგ აღძრულია საქმე საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის ხელის შეშლის თაობაზე.
ლიუბოვ სობოლი ითხოვს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან შეხვედრას და მზად არის მას პირადად გადასცეს ხელმოწერების დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა. სობოლს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერების უმრავლესობას, მოსკოვის სათათბიროს მომავალ არჩევნებში მონაწილეობისთვის შეგროვებული ხელმოწერები დაუწუნეს.
ხვალ მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.