ნაურუ აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, განსხვავებით ტუვალუსა და ვანუატუსგან, რომლებმაც აღიარება უკან წაიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ზელანდიის რადიოსადგური RNZ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს. რადიოსადგური ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ მთავარი ფინანსური დონორია ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, რომლებიც დახმარებას უწევენ ნაურუს.