"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები ბათუმის მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ. ოპოზიციის წევრებმა აჭარაში 21 განუხორცილებელი პროექტი ბათუმის მერიის შენობასთან მიიტანეს და განაცხადეს, რომ ისინი კორუფციაზე ბათუმის ყოფილ მერის გიორგი ერმაკოვის მმართველობის დროს ღიად საუბრობდნენ. მათი განცხადებით, ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად მილიონობით ლარია მოპარული, თუმცა არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა.
პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები.