ნატო ბელარუსთან არავითარ სამხედრო მობილიზაციას არ ახორციელებს - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ეს არის კრიზისი, რომელიც ჩვენს საზღვრებთან ვითარდება. ბელარუსმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ნატო-ს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს სუვერენულ და დამოუკიდებელ ბელარუსს“, - განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა. მისივე თმით, მინსკში არსებულმა რეჟიმმა ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ სრული პატივისცემა უნდა გამოიჩინოს, მათ შორის სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებების მიმართ. „ნატო არ ახორციელებს არავითარ სამხედრო მობილიზაციას ამ რეგიონში, ასე, რომ ნებისმიერი მცდელობა, გამოყენებულ იქნას ეს საკითხი მშვიდობიანი აქციების ჩასახშობის საბაბად, გაუმართლებელია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.