ჩარლზ ლუჩანოს, რომელიც სამყარომ "იღბლიანის" მეტსახელით გაიცნო, კრიმინალისტები შეერთებული შტატების დანაშაულებრივი სამყაროს "ნათლიმამად" მიიჩნევენ, რადგან მართალია, მაფია ამერიკაში მანამდეც არსებობდა, მაგრამ დაპირისპირებული კლანების გაერთიანებით, სწორედ მან შექმნა ერთიანი, გამართული და ძლევამოსილი ორგანიზაცია.სალვატორე ლუკანია 1897 წლის 24 ნოემბერს დაიბადა სიცილიის მთებში ჩაკარგულ პატარა ქალაქ ლეკრარა-ფრიდიში, ცნობილი კორლეონეს მეზობლად, რომელიც მოგვიანებით მარიო პიუზომ განგსტერების ერთგვარი კრებითი ლიტერატურული სახის - დონ კორლეონეს სამშობლოდ აქცია. სალვატორე მესამე შვილი იყო ანტონიოსა და როზალის მრავალშვილიან ღატაკ ოჯახში, რომლის ერთადერთ შემოსავალს გოგირდის მაღაროში უფროსი ლუკანიას მძიმე შრომით მოპოვებული მოკრძალებული ხელფასი წარმოადგენდა და როცა არც ის აღმოჩნდა საკმარისი, ოჯახი შორეულ ამერიკაში გადაბარგდა და ნიუ-იორკში, ქვემო ისტ-საიდში დასახლდა.