ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერთან, მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრთან კარელ ჰავლიჩეკთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის საკითხებზე გამახვილდა. მინისტრის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს აქტიური ეკონომიკური პარტნიორია და ყოველწლიურად იზრდება ჩეხური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში, სატრანსპორტო, ფარმაცევტიკისა და წარმოების სექტორებში საქმიანობენ.
მინისტრის განცხადებით, მზარდია ჩეხეთიდან ტურისტების რაოდენობაც. ცნობისთვის საავიაციო კომპანიებმა - "აირზენამ" და "ვიზეირმა" მზადყოფნა გამოთქვეს, განაახლონ ფრენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის.