ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ იუსოფს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალაიზიის მხრიდან ესოდენ მაღალი დონის ვიზიტი დიდი ხანია არ შემდგარა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.
მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღინიშნული ვიზიტი ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, რადგან მალაიზიასა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეტ ყურადღებას მიაქცევენ ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ხელს შეუწყობენ საქართველოსა და მალაიზიის ბიზნეს წრეების დაახლოებასა და ორივე ქვეყანაში სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს შეხვედრების ჩატარებას.