ინდოეთში ოპიუმზე დამოკიდებული ფრინველები ყაყაჩოს პლანტაციებს თავს ესხმიან და ნათესებს ანადგურებენ, მათი მიზანი ყაყაჩოს ყვავილის თესლის მოპოვებაა, რომელიც ნარკოტიკულ თრობას იწვევს. თუთიყუშები ფერმერების ტერიტორიაზე ყოველდღიურად მიფრინავენ, რის შედეგადაც ნადგურდება პლანტაციები, ადგილობრივებს კი სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ. ფერმერები თუთიყუშების დასაფრთხობად მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
ადგილობრივების თქმით, ჩიტებმა მათი მოსავლის შეჭმა დაახლოებით 2015 წლიდან დაიწყეს. ფერმერები მავნებელი არსებების მოშორებას სხვადასხვა ხერხით შეეცადნენ. დინამიკების და პეტარდების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო, ამიტომ ფერმის მეპატრონეებმა დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართეს. ინდოეთის შტატში, მადჰია-პრადეშში ოპიუმის ბიზნესი კარგად არის განვითარებული, ინდოეთში ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანისთვის 44 000 ჰექტარია გამოყოფილი, რომელთაგანაც 38 000 ჰექტარი მადჰია-პრადეშში და მის მეზობელ შტატში, რაჯასტანში მდებარეობს.