უზენაესი სასამართლოს შენობასთან ნარკოდანაშაულში ბრალდებულის რომან ნაკაშიძის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, რომან ნაკაშიძე ნარკოდანაშაულისთვის 2016 წელს დააკავეს, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა. რომან ნაკაშიძის ადვოკატის, ლაშა შუკაკიძის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ რომან ნაკაშიძის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააბათილა და რომან ნაკაშიძე დამნაშავედ სცნო. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარემ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვენ, რომ საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით მოხდეს. რომან ნაკაშიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამჟამად ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება. მათივე თქმით, რომან ნაკაშიძემ საქართველო საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ დატოვა.