შპს "კატასტროფის მედიცინის ცენტრის" დირექტორის შვილს, ირაკლი ქორიძეს ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. დაკავებული ირაკლი ქორიძე დანაშაულს არ აღიარებს. როგორც მისი ინტერესების დამცველმა სალომე ჯანიაშვილმა განაცხადა, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, ერთი ჩვენების გარდა, რომელიც ქორიძის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს. ადვოკატის თქმით, ეს ჩვენება ჯაბა ხულორდავას მიერაა მიცემული, რომელიც ასევე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შეძენა-შენახვა-გადმოზიდვის ბრალდებითაა მსჯავრდებული. რაც შეეხება მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ("ბახალას") მას ბრალს 2 აპრილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წაუყენებენ. როგორც გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა განაცხადა, მას ამ ეტაპზე არც საქმის მასალები არ გადასცემია და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ჰქონია კომუნიკაცია. შეგახსენებთ, რომ შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.