ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილს ირაკლი ქორიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში. როგორც ქორიძის ადვოკატმა სალომე ჯანიაშვილმა განაცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, ადვოკატის თქმით, ქორიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.