ეს ტრადიცია 60-იანი წლებიდან მოდის: Shelby იღებს "მუსტანგს" და მისგან სერიოზული მხეცი და ნადირი გამოჰყავს. ისეთი მხეცი და ნადირი, ქალები რომ ვერ დაიმორჩილებენ. ეს მანქანა მხოლოდ მამაკაცებისთვისაა! თქვენ წინაშეა აქტუალური ნამუშევარი: Shelby GT350, რომელიც ნამდვილ თანამედროვე მხეცად ჩამოყალიბდა. შავი დისკები, განიერი პროფილი, ოთხი მაყუჩი უკან, კარბონის ცხაურა! კაპოტი ხუთი სანტიმეტრით ღრმადაა, რაც აეროდინამიკას აუმჯობესებს. ცხადია, აქვე Brembo-ები - წინ 394-მილიმეტრიანი და კიდევ ბევრი საინტერესო რამ. სავალი ნაწილი კი შესაბამისი რეჟიმებითაა აღჭურვილი - კომფორტით დაწყებული, ვიდრე რბოლის რეჟიმამდე. Shelby-მ განსაკუთრებით გულმოდგინედ ძრავაზე იმუშავა. ჩვეულებრივი Mustang V8-დან ნაცნობი 5-ლიტრიანის ნაცვლად, რომლის სიმძლავრე 421 ცხენის ძალაა, ამჯერად ჩვენ წინაშეა 5,2-ლიტრიანი Voodoo. ეს სიტყვა, უბრალოდ, ამ ძრავის შიდა, ქარხნული სახელწოდებაა. ახლა კი ყველაზე მთავარი: ეს 8-ცილინდრიანი 8250 ბრუნამდე მუშაობს! სიმძლავრე? 533 ცხენის ძალა, 7500 ბრ/წთ, ხოლო ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 582 ნიუტონმეტრია. როგორც ხვდებით, ეს ძალიან ბეჯითი ამერიკელია!