Community
ცნობილი ამერიკული სიტკომის, Community-ს, მესამე სეზონის მეორე ეპიზოდში "გლობალური კონფლიქტის გეოგრაფია" სერიალის მთავარი სამეგობრო ჯგუფის ერთ-ერთი პერსონაჟი ენი, ახალ "მტერს" გაიჩენს რომელიც მას კლასის ყველაზე ჭკვიანი სტუდენტის როლში ეცილება. კიმი ენის გაეროს მოდელირების პროექტის გაკეთების იდეას მოპარავს, ენის მხარდასაჭერად კი მისი მეგობრები მოდელირებაში ჩაერთვებიან და ქვეყნებს დაინაწილებენ.
გაეროს მოდელირების ქვეყნებში საქართველოცაა, რომლის წარმომადგენელიც ტროი ხდება. საქართველოს სახელით საუბრისას თავიდან ის ხუმრობით ამერიკული სამხრეთული აქცენტით ლაპარაკობს, რაზეც ჯეფი ეუბნება, რომ ქვეყანა "ჯორჯიაზეა" საუბარი და არა — შტატზე. მიუხედავად ამისა, ტროი მანამდეც მშვენივრად იაზრებდა ამას და საქართველოს დახასიათებას განაგრძობს: "დედაქალაქი — თბილისი; საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი" — თუმცა ამის თქმის შემდეგ საუბარს ისევ აქცენტით აგრძელებს.
Sherlok
არტურ კონან დოილის ლეგენდარულ შერლოკ ჰოლმსზე დაფუძნებულ სერიალ შერლოკის მე-4 სეზონის 1-ლი სერია "ექვსი ტეტჩერი" ("The Six Thatchers") ქართველ მაყურებელს მისი გამოსვლისას არ გამორჩენია. ამის მიზეზი მარტივია: სერიაში რამდენიმე ისეთი სცენაა, რომელშიც მოქმედება საქართველოში მიმდინარეობს.
სერიაში შერლოკი მარგარეტ ტეტჩერის ქანდაკებების გარშემო არსებულ საიდუმლოს იკვლევს, ისინი კი თბილისშია დამზადებული, სადაც 6 წლის წინ ბრიტანელი აგენტები ჩავიდნენ მისიით. მიუხედავად ამისა, სერიაში საქართველო არც ისე მიმზიდველადაა წარმოჩენილი. აქ თბილისი ძალადობის ეპიცენტრია, სადაც ბრიტანეთის საელჩოში ტერორისტები შეიჭრებიან და მძევლებს აიყვანენ. ისინი უმოწყალოდ აწამებენ აგენტებს და რატომღაც რუსულად ლაპარაკობენ.
Peaky Blinders
ალესილი კეპების მე-3 სეზონის 1-ლი სერიის ბოლოსკენ საუბარია იმაზე, რომ მეფის რუსეთი იარაღებს ყიდულობს, რათა საქართველოში ბოლშევიკებს ებრძოლოს, მოგვიანებით კი შელბის ძმები დიდ ჰერცოგინია ტატიანა პეტროვას გაიცნობენ, რომელიც საქართველოდანაა, თბილისიდან.
Homeland
ქართველ მაყურებლებში საკმაოდ პოპულარულ ჯაშუშურ ტრილერ სამშობლოში ჩვენი სამშობლოცაა "ნახსენები". მე-8 სეზონის მე-11 სერიის მიწურულს ქერი მოსკოვში გაგზავნილი რუსი ჯაშუშისგან მიღებულ ინფორმაციებს უყრის ერთად თავს — ფურცლებს შესაბამის წარწერებს უკეთებს და თარიღების გასწვრივ ალაგებს მათ. როგორც სცენიდან ვხედავთ, ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია 2009 წელსაა მიღებული და საქართველოს უკავშირდება.
Agents of S.H.I.E.L.D.
მარველის კომიქსებზე დაფუძნებით გადაღებული სერიალი შილდის აგენტები MCU-ს პერსონაჟ აგენტ კოლსონსა და მის მიერ უცნაურ შემთხვევებთან გასამკლავებლად შედგენილ აგენტების პატარა რაზმებზეა.
1-ლი სეზონის მე-7 სერიაში ერთ-ერთი ასეთი უცნაური საქმე საქართველოს ეხება. ეპიზოდში ირკვევა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტთა ჯგუფმა შექმნა მასობრივი განადგურების იარაღი Overkill, რომელიც ბგერით ვიბრაციებს იყენებს, რათა შორეულ დისტანციებზე სხვა იარაღები გაააქტიუროს.