კონკრეტულად რამდენწლიანი პატიმრობა შეეფარდება მალხაზ კობაურს, რომელსაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, ხვალ გახდება ცნობილი. ბრალდების მხარე კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს, ადვოკატები კი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. გამამტყუნებელი ვერდიქტით უკმაყოფილოა დაკავებული მწყემსის ოჯახიც, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლო საზოგადოების ნეგატიური გავლენის ქვეშ მოექცა. ნაფიცმა მსაჯულებმა ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს გამამტყუნებელი ვერდიქტი თითქმის 10 საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის ლორა სმიტის გაუპატიურებაში. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე სასჯელის კონკრეტულ ზომას მოსამართლე განსაზღვრავს.