მუსიკა კაცობრიობასთან ერთად დაიბადა და ვითარდება ზუსტად იმ რითმებითა და ტემპებით რასაც თავის გარშემო აღიქვამდა და ქმნიდა. რაც მთავარია ადამიანს არასოდეს უარსებია მის გარეშე. სამყაროც უხვად სთავაზობდა ბგერებს, რომელთა სინთეზით, განსხვავებული წყობით და ახალი საკრავებით გაჟღერებული - იქმნებოდა მუსიკა. ოდესღაც მელოდია თაობებს ზეპირად გადაეცემოდათ. ესა თუ ის სიმღერა მეხსიერებაში შენახული დედიდან შვილს რჩებოდა. ამას გარდა ეროვნული თავისებურებები განსხვავებულ მელოდიებს ინახავს, თუმცა ადამიანის ტექნოლოგიური განვითარებისკენ სწრაფვამ მუსიკის დასამახსოვრებელი, შესანახი და გასაჟღერებელი მოწყობილობებიც მოიგონა.
კაცობრიობას მუსიკის შემნახველი სამი სხვადასხვა სახის საშუალება დარჩა და მათი განვითარების პროცესი ისეთი სწრაფი ტემპით მიდიოდა რომ მე-20 საუკუნის თაობას სამივე საშუალებით აქვს მუსიკალური სამყარო გაცნობილი. რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს გაჟღერების შესაბამისი მოწყობილობა ესაჭიროება, რომლებზეც შემდეგ გადაცემაში მოგითხრობთ, მანამდე კი მელოდიის გადამტან ნივთებს მივყვეთ.
თავად ხმის ჩასაწერი საშუალებები მე-19 საუკუნიდან ჩნდება. ყველაზე ძველი ჩანაწერი ფრანგი გამომგონებლის ედუარდ ლეონ სკოტ დე მარტენვილის მიერ შექმნილი მოწყობილობით ფონოავტოგრაფით 1860 წელს დაფიქსირებული, ფრანგული ხალხური სიმღერაა, რომელიც 2008 წლის 1 მარტს აღმოაჩინეს. ხანგრძლივობა მხოლოდ 10 წამია. თუმცა პირველი მცდელობა წარმოთქმული ბგერის შესანახად რევოლუცია იყო არა მხოლოდ მუსიკალური სამყაროსთვის.