ნიკა მელიას არც ერთ ქმედებაში სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ იყო, ამ ადამიანს არაფერი დაუშავებია, - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენა.„მას შემდეგ, რაც ე.წ. ხელისუფლებას მოუწია დათმობებზე წასვლა, რადგან დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეებს, ახლა რაღაცნაირად თავისი „მხარდამჭერების“ გამო რევანში უნდა აიღოს. აქედან მოდის მუქარა და ნიკა მელიას დაჭერა, რომლის არც ერთ ქმედებაში სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ იყო, არაფერი ამ ადამიანს არ დაუშავებია. ის ხელში აიყვანეს და გამოაძევეს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პარლამენტიდან გამოაგდეს გარეთ, გამოუცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობაა, ჩამოიყვანეს ქვემოთ, დააყენეს პარლამენტის წინ, განრისხებული ხალხის წინაშე და შემდეგ, როცა, როგორც იქნა, ჩავაწყნარეთ თითქმის ეს მანიფესტიცია, გამოაგზავნეს ადამიანი, რომელმაც გვითხრა,რომ ჩვენ სამს - თქვენს მონა-მორჩილს, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას მოლაპარაკებებზე ელოდებიან. ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ბახტაძის განცხადება, რომ არასდროს ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს არ გამოიყენებდნენ და 7 წუთში დაიწყო ეს ვაკჰანალია. ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ, გაუსწორდნენ ოპოზიციას. ამისგან კიდევ უფრო დიდი დაპირისპირება გამოვა ხელისუფლებასა და მოქალაქეს შორის და უკვე 30 წელია, ვიცით, რა იქნება ამის შედეგი, ხელისუფლება ყოველთვის დამარცხდება მოქალაქესთან ჭიდილში“, - განაცხადა ვაშაძემ.