მთავრობას 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს, რის მიზეზადაც დაგეგმილზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას და საგადასახადო შემოსავლებს ასახელებს. ცვლილებების თანახმად, 2018 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 10 მილიონი ლარით იზრდება. რაც ძირითადად საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დაფინანსებისა და 10%-ზე მეტი ხმების მიმღები სუბიექტებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული თანხების ანაზღაურებით არის გამოწვეული. ასევე იზრდება თითქმის ყველა სხვა მხარჯავი დაწესებულების ბიუჯეტი, გარდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსი. როგორც პროექტშია აღნიშნული, ამის მიზეზი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობა გახდა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ხარჯები 269 მილიონი ლარით მცირდება და მილიარდ 546 მილიონ ლარს შეადგენს.