მთავრობამ თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის შესახებ დადგენილება გამოსცა - ვის არ ეხება შეზღუდვა? - Palitra News

მთავრობამ თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის შესახებ დადგენილება გამოსცა - ვის არ ეხება შეზღუდვა?

2020-04-15 13:45:52+04:00

საქართველოს მთავრობამ დღეიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლისა და გასვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილება გამოსცა. დადგენილებაში საუბარია კიმ გამონაკლისებზე, ვისაც აღნიშნულ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება.

კერძოდ, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლის შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას; სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას; მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა); საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას; კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

ამასთან, დაკეტილ ქალაქებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს. ასევე, გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა დღეს, 15 აპრილის 21:00 საათიდან იკრძალება.