მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას აღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.
კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ "პროცესები უმართავი არ გახდეს".
კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.