მთავრობამ სამშენებლო მასალების მწარმოებელ-იმპორტიორებისთვის ახალი ვალდებულება შეიმუშავა. ამის შესახებ მთავრობის 7 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, აღნიშნული დადგენილებით, სავალდებულო ხდება, რომ სამშენებლო პროდუქტებზე ნიშანდება და მასთან ერთად მითითებული ინფორმაცია ქართულ ენაზე იყოს დატანილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნიშანდება სამშენებლო პროდუქტზე ან მის ეტიკეტზე დატანილი უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად.
სამშენებლო მასალების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ნიშანდებასთან ერთად პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს მათ შორის: მწარმოებლის რეგისტრირებული სახელი და მისამართი ან შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშანი, პროდუქტის ტიპის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი; გამოყენებული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.
ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაციის ქართულად მითითების ვალდებულება ქვეყანაში 10 სექტემბრიდან, ხოლო იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განსათავსებელ პროდუქტებთან მიმართებით 24 აგვისტოდან ამოქმედდება.