მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე გამოცხადება. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დამსაქმებლებმა თანამშრომლები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიიყვანონ სამუშაო ადგილზე.
ამასთან, ჩიქოვანის ინფორმაციით, თითოეულ სამინისტროსა და უწყებას, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიეცა ინსტრუქცია, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში.
პრემიერის პრესსპიკერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუბარი არ არის საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ პრევენციისთვისაა მიმართული.