მთავრობა ნაოსნობის წესების დარღვევაზე სანქციების შემსუბუქებას გეგმავს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევა გემის ტევადობის მიუხედავად 50 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად კი, ნაოსნობის წესების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა გემის ტექნიკური მახასიათებლების, მათ შორის წონის, სიგრძის, ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. ცვლილებების თანახმად, ფულადი სანქციის ოდენობა გემის ტევადობის მიხედვით, ათასი ლარიდან 50 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.
კანონპროექტი გულისხმობს ასევე, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევაზე გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის ცვლილებასაც. კერძოდ, გემების სიგრძის მიხედვით, ამ შემთხვევაში ჯარიმა 200-დან 500 ლარამდე იქნება.