საგარეო საქმეთა მინისტრი ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წერილის გაგზავნის საკითხს ეხმაურება.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები ვაშინგტონში იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა კონგრესმენებს მიეცეთ ზუსტი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. დავით ზალკალიანის აღნიშნავს, რომ უშუალოდ წერილი ნანახი არ აქვს, თუმცა აქვე დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის გამოხმაურება და საქართველოს მთავრობა ყურადღებით ეკიდება რეკომენდაციებსა და რჩევებს.
აშშ-ის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს საპარლამენტო უმრავლესობაშიც.
კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. წერილში გამოთქმულია შეშფოთება პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდეციების გამო, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორემისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ.