საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა.
შეხვედრის ფორმატში განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც ტურისტული ინდუსტრიაა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც შეიძლება პოტენციურად მოჰყვეს ვირუსის გავრცელებას.
გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.