მთავრობა 325 ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. კერძოდ, ამ მიზნით 4 სხვადასხვა კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა და ჯამში, 26 მილიონ 117 ათას 920 ლარის სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა იგეგმება.
ტენდერების მიხედვით, იგეგმება სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის 87 სატრანსპორტო საშუალებისა და ოპერატიული დანიშნულების 238 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა იგეგმება. ტენდერები 29 სექტემბერს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 4 ოქტომბერს იწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.
ავტომობილების უმეტესობა - შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არის განსაზღვრული; ასევე შესყიდული სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა - საქართველოს მელიორაციას, ეროვნულ სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, დაზვერვის სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და პროკურატურას.
სატენდერო მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ამასთან, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ავტომობილები უნდა იყოს თეთრი ფერის.