„მზად ვარ ახლავე დავიჩოქო, ოღონდ მუხლებზე ნუ დადგება ჩემი ქვეყანა!“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ. უკრაინის პრეზიდენტს მანამდეც უთქვამს, რომ „მთავარი - მიზანია, თორემ შეუძლებელი არაფერია“,
რაც არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიმტკიცითა და შეუპოვრობით.
მართალია, მომავალი მსახიობი და პოლიტიკოსი უკრაინის სამრეწველო ქალაქ კრივოი-როგში დაიბადა 1978 წელის 25 იანვარს, მაგრამ ადრეული ბავშვობა მონღოლეთში გაატარა, სადაც მისი მამა მუშაობდა. პროფესიით მათემატიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრ ზელენსკი, რომელმაც მოგვიანებით კიბერნეტიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრა ჩაიბარა კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტში, მთელი 20 წელი მუშაობდა შორეულ აზიურ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივებს სამთო-გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაში ეხმარებოდა.
სწორედ მონღოლურ სკოლაში სწავლობდა მცირეწლოვანი ვოლოდიმირი დაწყებით კლასებში, თუმცა ქვეყნის საგანმანათლებლო კანონის გათვალისწინებით არა ექვსი წლის, არამედ რვა წლის წავიდა პირველ კლასში. მართალია, ბავშვობაში ზელენსკი თავისუფლად ლაპარაკობდა მონღოლურად, მაგრამ უკრაინაში დაბრუნებულმა პრაქტიკის უქონლობის გამო სწრაფად დაივიწყა ერთ დროს მშობლიური ენა.