ცესკომ მთაწმინდაზე, შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიება და ვადები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. კომისია მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე მიიღებენ.