მსოფლიოში ყავის ფასი 19-წლიან მინიმუმზეა. კერძოდ, ყავის საფონდო ღირებულება გასული წლის მაისის შემდეგ, ხანმოკლე ზრდით ხასიათდებოდა, თუმცა, ამ დროისთვის ფასი კიდევ უფრო დაეცა.
Bloomberg- ის ინფორმაციით, ყავა არაბიკას ღირებულება მარტის ბოლოს 16%-ით შემცირდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კარანტინის პერიოდში რესტორნები, კაფეები, ყავის სახლები და ყველა ის ობიექტი დაიხურა, რომელიც პროდუქტის ძირითადი მომხმარებელია. შედეგად, ყავა გაიაფდა. როგორც გამოცემა წერს, ყავა არაბიკას ღირებულება ახლანდელზე იაფი მხოლოდ 2001 წელს იყო, როდესაც წარმოება გაიზარდა, მსოფლიოში კი გლობალური კრიზისი იყო.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კარანტინი დასრულდა და ობიექტების დიდი ნაწილი გაიხსნა, ყავაზე მოთხოვნა ისევ იზრდება, რაც შესაძლოა, მოგვიანებით ფასზეც აისახოს.
რაც შეეხება საქართველოს, წელს ქვეყანაში ყავის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მაისში 6 მილიონ 658 ათასი დოლარის ყავის იმპორტი განხორციელდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 7 მილიონ 410 ათასი დოლარის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში ყავა სულ 24 ქვეყნიდან შემოვიდა. აქედან ყველაზე მეტი მოცულობის პროდუქი საქართველომ შემდეგი 5 ქვეყნიდან შეიძინა: ინდონეზია, რუსეთი, იტალია, ვიეტნამი და გერმანია.