მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა. დაინფიცირებულია 82 200-მდე ადამიანი, ხოლო 32 900 ადამიანი განიკურნა. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული.
რაც შეეხება სამხრეთ კორეას, დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 595-მდე გაიზარდა. ვირუსით გარდაცვლილია 13 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქალაქ დეგუში დაფიქსირდა. სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით სულ ცოტა 21 ჯარისკაცია დაინფიცირებული და სამხედრო მოსამსახურეებს ბაზების დატოვება აქვთ აკრძალული. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები გადაიდო.