მსოფლიოს ჰეგემონური ძალები თურქეთს რეგიონში საკუთარი პრივილეგიების მოსაპოვებლად იყენებენ, - ამის შესახებ თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრესსპიკერმა ფაიქ ოზთრაქმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, საიდუმლო შეთანხმება სირიაში ოპერაციის დაწყების შესახებ აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიღწეულია და შეერთებული შტატები ოპერაციას იმ პირობით დასთანხმდა, რომ თურქეთი "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს მიხედავდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დასაწყებად მზად არის. 6 ოქტომბერს თურქეთმა სირიის საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გააგზავნა. ვაშინგტონმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები არც მხარს უჭერენ და არც ერთვებიან ოპერაციაში.