მსოფლიოს სჭირდება გლობალური ხელშეკრულება პანდემიის საკითხებზე, რათა მომავალში ქვეყნები დაცულები იყვნენ, - ამის შესახებ ნათქვამია 23 ქვეყნის ლიდერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ერთობლივ სტატიაში.
”იქნება სხვა პანდემიები და ჯანდაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საგანგებო სიტუაციები. არცერთ მთავრობას ან ორგანიზაციას არ შეუძლია, ამ საფრთხის მარტო მოგვარება. მიგვაჩნია, რომ ქვეყნებმა უნდა იმუშაონ ახალი საერთაშორისო შეთანხმების მისაღწევად პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით,“- აცხადებენ ლიდერები.
ხელმომწერების აზრით, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების, ცხოველებისა და პლანეტის ჯანმრთელობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამან ქვეყნებს პასუხისმგებლობის გაზიარების, გამჭვირვალობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისკენ უნდა უბიძგოს. ასეთი ხელშეკრულების იდეა, რომელიც პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, მედიკამენტებსა და დიაგნოზზე უნივერსალურ და სამართლიან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე გასული წლის ნოემბერში გააჟღერა.