ვაქცინის ნაციონალიზმი საერთაშორისო საზოგადოებას ძვირად დაუჯდება როგორც ადამიანების ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ განაცხადა.
„არავინ არის დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება დაცული. ამ დროს ვაქცინის ნაციონალიზმი არახელსაყრელია, ვინაიდან ახალი ვარიანტები ჩნდება. თუკი იმუნიზაცია სხვა ქვეყნებშიც არ ჩატარდება, ის უბრალოდ არაეფექტური იქნება“, - აღნიშნა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნგოზი ოკონჯო-ივეალა ორგანიზაციის ხელმძღვანელად 15 თებერვალს აირჩია. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ოკონჯო-ივეალამ განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა იქნება.