"ოსკარის" ოთხგზის ნომინანტი და ედგარ ალან პოს პრემიის მფლობელი, 1954 წელს გადაღებული ტრილერი "ფანჯარა ეზოში", რომელიც ალფრედ ჰიჩკოკის მდიდარი შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად და მსოფლიო კინოს კლასიკად იქცა, მოგვიანებით ციტატებად დაიშალა და უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა. სწორედ ჰიჩკოკის ფილმით შთაგონებულმა დადგა მიქელანჯელო ანტონიონიმ საკუთარი "ფოტოგადიდება", ხულიო კორტასარმა კი, მოთხრობა "ეშმაკის დორბლი" დაწერა. უზარმაზარი გავლენა მოახდინა ფილმმა ფრენსის ფორდ კოპოლასა და ბრაიან დე პალმაზე, რომელთაც ბრიტანელი ნოვატორის შედევრით აღფრთოვანებულებმა შექმნეს პოპულარული ტრილერები "საუბარი" და "ჩავარდნა".