25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა კი ამ ტურნირისთვის ცნობილია. ჩვენი ნაკრები მსოფლიოზე 9 სპორტსმენით წარსდგება, ქართულ დროშას იაპონიაში ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, და გურამ თუშიშვილი დაიცავენ. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანს ერგო, ხოლო ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.