ჩინეთის ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩიპების არნახული დეფიციტია. ეს იმ დროს, როდესაც შარშან ნახევარგამტარების ბაზარი დაახლოებით 18 პროცენტით გაიზარდა.
ჩინეთი ნახევარგამტარების უდიდესი მომხმარებელია. არადა, ნახევარგამტარების ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოა და შიდა მოთხოვნების მცირე ნაწილსაც ვერ აკმაყოფილებს. ჩინეთში შარშან ნახევარგამტარების გაყიდვები 17.8 პროცენტით გაიზარდა და 891 მილიარდ იუანს ანუ 137 მილიარდ დოლარს მიაღწია.
უცხოური წარმოების ნახევარგამტარებზე ჩინეთის დამოკიდებულება განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა შენცენში ბაზირებულ კომპანია „ჰუავეი ტექნოლოჯიზს“ (Huawei Technologies) სანქციები დაადო. ამით ჩინურმა კომპანიამ მიმწოდებელ კომპანიებთან კავშირი დაკარგა და უზარმაზარი ზარალი ნახა.
„ჰუავეის“ სანქციიდან მალევე, კორონავირუსის პანდემია დაიწყო, რამაც მიწოდების არხები დიდი ხნით ჩაკეტა, რასაც ბაზარზე ჩიპების მწვავე დეფიციტი მოჰყვა. პირველად ეს დეფიციტი საავტომობილო ინდუსტრიამ იგრძნო, რომელიც ჩიპებს ინტენსიურად მოიხმარს. მოგვიანებით, პრობლემები ელექტრონიკის წარმოებასაც მოედო.