დედა ტერეზა - მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პატივცემულ და გავლენიან ქალბატონს - კათოლიკე მონაზონს ტერეზა კალკუტელს, რომელიც ბევრისთვის უბრალოდ დედა ტერეზას ან „ღატაკთა და დავრდომილთა შემწე მონაზვნის“ სახელითაა ცნობილი, აღიარება თავდაუზოგავმა მისიონერულმა და საქველმოქმედო საქმიანობამ მოუტანა, თუმცა საეჭვო პოლიტიკური კავშირების, ფინანსების არაეფექტური ხარჯვისა და მკურნალობის დროს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე უარის თქმის გამო, თავად დედა ტერეზაც და მის მიერ შექმნილი კონგრეგაციაც მრავალჯერ იქნა გაკრიტიკებული.
„ვარდის კოკორი“ - აგნეს გონჯე ბოიაჯიუ 1910 წლის 26 აგვისტოს დაიბადა ოსმალეთის იმპერიის - დღევანდელი მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, თუმცა თავად დედა ტერეზა ნამდვილ დაბადების დღედ ყოველთვის 27 აგვისტოს - ნათლობის დღეს მიიჩნევდა. მართალია, სკოპიეს მოსახლეობის დიდ ნაწილს ალბანელი მუსულმანები შეადგენდნენ, მაგრამ მისი მშობლები - ნიკოლა და დრანფილე ბოიაჯიუ კოსოველი ალბანელები და ღრმადმორწმუნე კათოლიკეები იყვნენ, რომელთაც აგნესის შეძენამდე ორი უფროსი შვილი აგატა და ლაზარი ჰყავდათ.
ჩაპუტკუნებული აგნესი, რომელმაც ვარდისფერად შეფერკლილი ლოყების წყალობით გონჯას სახელი მიიღო, რაც არაბულად „ვარდის კოკორს“ ნიშნავს, საოცრად ნიჭიერი, დამჯერი და ყურადღებიანი ბავშვი იყო. არაჩვეულებრივად მღეროდა საეკლესიო გუნდში და უკრავდა გიტარაზე, თუმცა ვერაფრით გადაეწყვიტა რა უფრო მოსწონდა მუსიკის მასწავლებლობა თუ პოეტობა, მით უფრო, რომ მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ადგილობრივ გაზეთში.